[go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

1984 (რომანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„1984“
Nineteen Eighty-Four

პირველი ბრიტანული გამოცემის ყდა
ავტორი ჯორჯ ორუელი
ქვეყანა ბრიტანეთი
ენა ინგლისური
ჟანრი ანტიუტოპია
გამოცემის თარიღი 8 ივნისი 1949
გვერდი 326
oclc 52187275
წინამორბედი ცხოველების ფერმა

ათას ცხრაას ოთხმოცდაოთხი (ინგლ. Nineteen Eighty-Four) — ჯორჯ ორუელის ანტიუტოპიური (დისტოპიური) რომანი. გამოვიდა 1949 წელს. რომანი აღწერს ტოტალიტარული რეჟიმის ყოფას და მექანიზმებს. აღსანიშნავია რომ რომანმა შემოიღო ცნობები როგორებიცაა: ნიუსპიკი, დიდი ძმა და სხვა.

ძირითადი პერსონაჟები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • უინსტონ სმითი - მთავარი პერსონაჟი, 39 წლის მამაკაცი.
  • ჯულია - 27 წლის გოგონა, შეყვარებული უინსტონზე. როგორც სმითი, ასევე არის პარტიის მოწინააღმდეგე.
  • ო’ბრაიენი - შიდა პარტიის მაღალჩინოსანი, ფიქრების პოლიციის თანამშრომელი.

ეპიზოდური პერსონაჟები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • მისტერ ჩერინგტონი - ანტიკვარული ნივთების მაღაზიის გამყიდველი.
  • საიმი - უინსტონის თანამშრომელი, რომელიც ამ უკანასკნელში სიმპატიას იწვევს.
  • პარსონსი - უინსტონის კოლეგა და მეზობელი, პარტიის წევრი. გასცა საკუთარმა შვილმა.
  • ამპლფორთი - უინსტონის თანამშრომელი. მას შემდეგ, რაც უინსტონთან ერთად წინასწარი დაკავების საკანში აღმოჩნდება, ქრება „101-ე ოთახში“.
  • მარტინი - ო’ბრაიენის მსახური.

ეს პერსონაჟები ნახსენებია რომანში, მაგრამ თავად მოქმედებაში არ მონაწილეობენ:

  • უფროსი ძმა (იგივე დიდი ძმა) - პარტიის ერთპიროვნული ლიდერი. ყოველთვის გამოსახულია, როგორც შუახნის მამაკაცი მუქი ულვაშებით. შესაძლოა, მის პროტოტიპად ქცეულიყო იოსებ სტალინი.
  • ემანუელ გოლდსტეინი - სახელმწიფოს #1 მტერი. დაწერა წიგნი „ოლიგარქიული კოლექტიურობის თეორია და პრაქტიკა“. მის პროტოტიპად ლევ ტროცკი იქცა.
  • კეტრინი - ფორმალურად უინსტონის მეუღლე, ფაქტობრივად - მასთან გაშორებული, მას შემდეგ, რაც მათ ჰქონდათ ბავშვის ჩასახვის რამდენიმე უშედეგო მცდელობა.
  • ჯონსი, არონსონი და რეზერფორდი - შიდა პარტიის მაღალჩინოსნები. რევოლუციის ლიდერები, რომლებსაც სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

რომანის მთავარი გმირია უინსტონ სმითი. იგი ცხოვრობს ლონდონში, მუშაობს სიმართლის სამინისტროში და არის გარე პარტიის წევრი. იგი არ უჭერს მხარს პარტიულ ლოზუნგებსა თუ იდეოლოგიას და გულის სიღრმეში პარტიას, გარშემო არსებულ რეალობასა და ზოგადად, ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებს. რათა საკუთარი ემოციები დახარჯოს, იგი ავსებს დღიურს, რომელშიც საკუთარ აზრებს გადმოსცემს. სხვების დასანახად ის ცდილობს პარტიული იდეების მოყვარულად გამოიყურებოდეს. მაგრამ ეშინია, რომ გოგონა ჯულია, რომელიც იმავე სამინისტროში მუშაობს, მას უთვალთვალებს და სურს მისი გამოაშკარავება. იმავე დროს სმითი ფიქრობს, რომ მათი სამინისტროს მაღალჩინოსანი, შიდა პარტიის წევრი, ვინმე ო’ბრაიენი ასევე არ უჭერს მხარს პარტიულ იდეებს და ფარული რევოლუციონერია.

ერთხელ, როდესაც აღმოჩნდება ერთ-ერთ რაიონში, რომელშიც პარტიის წევრთა შესვლა არ არის სასურველი, სმითი შედის ვინმე ჩერინგტონის ძველი ნივთების მაღაზიაში. უკანასკნელი მას უჩვენებს ოთახს და უინსტონს აქვს სურვილი, მასში ერთი კვირა მაინც გაატაროს. უკანა გზაზე მას ხვდება ჯულია. სმითი მიხვდება, რომ ჯულია უთვალთვალებდა. იგი ორ ცეცხლს შორის არის - სურს გოგოს მოკვლა და შიშით არის მოცული. მაგრამ დასძლებს რა შიშს გადაწყვიტავს, მაინც მოკლას ჯულია. მაგრამ გოგო მას გადასცამს ქაღალდს, რომელშიც სმითისადმი თავის სიყვარულზე საუბრობს. მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობები იწყება. თვეში რამდენიმეჯერ ისინი ერთმანეთს ხვდებიან, მაგრამ უინსტონს აწუხებს გრძნობა, თითქოს ისინი უკვე მკვდრები არიან (პარტიის მიერ ქალსა და მამაკაცს შორის თავისუფალი ურთიერთობები აკრძალულია). ისინი ქირაობენ ოთახს ჩერინგტონის მაღაზიაში და იქ ერთმანეთს დრო და დრო ხვდებიან. ისინი მიდიან ო’ბრაიენთან და სთხოვენ არალეგალური საძმოს წევრებად მიღებას, თუმცა თავად მხოლოდ ვარაუდობენ, რომ ის მისი წევრია. ო’ბრაიენი მათ გადასცემს გოლდსტეინის, სახელმწიფო მტრის მიერ დაწერილ წიგნს.

მოგვიანებით წყვილს აპატიმრებენ, პირდაპირ მათ საკუთარ ოთახში - ჩერინგტონი აღმოჩნდება პოლიციის თანამშრომელი. სიყვარულის სამინისტროში უინსტონზე დიდ ზეწოლას ახდენენ და აწამებენ. მთავარ როლს ამ დამსჯელ მოქმედებაში ასრულებს თავად ო’ბრაიენი. თავდაპირველად უინსტონი ცდილობს, არ უარყოს საკუთარი პრინციპები. მაგრამ მუდმივი ფიზიკური და ფსიქიკური ზეწოლის შემდეგ ის მაინც ნებდება და იმედი აქვს, რომ უარს ყველაფერზე იტყვის მხოლოდ გონებრივად, მაგრამ არა სულიერად. იგი უარს ამბობს ყველაფერზე, გარდა ჯულიასადმი სიყვარულისა. მაგრამ ო’ბრაიენს აქაც შეაქვს ცვლილება. უინსტონი საბოლოოდ ამბობს უარს, ფიქრობს, რომ ჯულია მხოლოდ სიტყვიერად უარყო. მაგრამ მას შემდეგ, როდესაც გადის დრო და ის უკვე განკურნებულია რევოლუციური განწყობისაგან და თავისუფლებაზეა, ერთხელ, კაფეში ჯდომისას, ხვდება, რომ ჯულიაზე გონებრივად უარის თქმით მთლიანად განერიდა მას. მან უარყო სიყვარული. ამავე დროს რადიოეთერში გადაიცემა ახალი ამბები, სადაც საუბარია ოკეანეთის მიერ ევრაზიის ჯარების დამარცხებაზე. უინსტონი მიხვდება, რომ ამჯერად ის სრულიად განიკურნა. მას უყვარს პარტია, „უფროსი ძმა“.

რომანის სამუშაო სახელწოდება იყო „უკანასკნელი ადამიანი ევროპაში“. ცნობილია, რომ წიგნის გამომცემელი, ფრედერიკ უორბურგი მოითხოვდა სახელწოდების შეცვლას. ბოლომდე უცნობია, თუ რატომ დაერქვა ამ რომანს „1984“.

უფრო გავრცელებული ვარაუდია, რომ 1984 არის რომანში მოვლენათა მოქმედების წელი და იგი არჩეული იქნა თავად რომანის შექმნის წლის, 1948-ის უკანასკნელი ორი ციფრის შებრუნებით. 1984 ასევე შესაძლოა იყოს ფაბიანური საზოგადოების 100 წლისთავის აღსანიშნავი თარიღი - ეს იყო პირველი მნიშვნელოვანი ბრიტანული სოციალისტური ორგანიზაცია, რომელიც 1884 წელს ჩამოყალიბდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე: