ჰობიტი
ჰობიტები | |
---|---|
ნახევარკაცები, პერიანათები, ჰოლბიტლან | |
დედაქალაქი | დიდსოროეთი |
მშობლიური სამყარო | შუახმელეთი |
მოქმედება | შაირი, სერი, ანდუინის ველები |
ენა | ვესტრონი |
შუახმელეთის რასები |
---|
აინურნი |
სხვა რასები |
ჰობიტები[1] — გამოგონილი არსებები ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში, „ჰობიტის“, „ბეჭდების მბრძანებლის“, „დაუსრულებელი თხზულებების“, ისევე, როგორც „შუახმელეთის ისტორიის“ პერსონაჟები. მათ გადამწყვეტი როლი შეასრულეს შუახმელეთის მესამე ეპოქაში, ბეჭდის ომის დროს. გამოჩნდნენ, როგორც თვლიან, მაშინ, როდესაც არიენმა გაანათა მსოფლიო და გაჩნდნენ პირველი ადამიანები.
ჰობიტები, მცირე ზომის არსებები, იყვნენ მიწის მოყვარულნი, სოროში მცხოვრებნი. ბევრი თვლის, რომ ისინი ენათესავებოდნენ ადამიანებს. თუმცა, აღწერის მიხედვით, ისინი ჯუჯებზე უფრო მცირე ზომის იყვნენ, მათი ცხოვრების ხანრგძლივობა კი 100 წლამდე აღწევდა.
მეოთხე ეპოქაში შაირი კვლავ გაერთიანებულ სამეფოს ექვემდებარებოდა. მეფე არაგორნ II ჰობიტებს მშვიდობას შეჰპირდა, რომელიც დიდხანს გაგრძელდა შაირში და მთელს შუახმელეთში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წარმოშობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავის ნაშრომებში ტოლკინი წერს, რომ ჰობიტები ადამიანებს ენათესავებიან[2]. ამასთან მწერალი მათ აღწერს, როგორც ადამიანების „ნაირსახეობას“[3] ან ცალკე შტოს[4]. მიუხედავად ამისა, თავად „ბეჭდების მბრძანებლიდან“ ჩანს, რომ ჰობიტები საკუთარ თავს ცალკე ხალხად თვლიან[5].
მესამე ეპოქის 1050 წლამდე ჰობიტებზე არავინ არაფერი იცოდა, მაგრამ ამ დროიდან წყაროებში ჩნდება მათი ხსენება - თურმე ჰობიტები ცხოვრობდნენ ჩრდილოელებთან ერთად, ანდუინის ჩრდილო ტერიტორიაზე, ნისლიან მთებსა და ტყემწვანეს შორის. ბოროტმა ძალებმა შეაღწიეს და სულ მალე მას უკვე ბნელტევრის სახელით იცნობდნენ. ვარაუდობენ, რომ ჰობიტებმა სწორედ ამიტომ მიატოვეს საკუთარი მიწები და შემდეგ ასწლეულებში გადაინაცვლეს ნისლიანი მთების დასავლეთით, ერიადორში, სადაც ელფები და ადამიანები გაიცნეს. ჰობიტური წელთაღრიცხვა იწყება 1601 წლიდან. ამ დროისთვის ერიადორული ჰობიტების უმრავლესობა სერის ირგვლივ დასახლდა. შემდეგ ისინი გადავიდნენ ბრენდივაინის მდინარის მიღმა და სწორედ იქ დაფუძნდა შაირი, რომელიც იქცა ჰობიტების სამშობლოდ.
მესამე ეპოქის 1600 წელს ართედაინის მეფემ, არგელებ II-მ დაუთმო ჰობიტებს მიწები, რადგან დიდმა ჭირმა ეს მიდამოები მთლიანად გააუკაცრიელა. ამ გაუკაცრიელებაში ანგმარის გრძნეულთა სამეფომაც მიიღო მონაწილეობა და მთლიანად გაანადგურა სამეფო არნორი.
გარეგნობა, ცხოვრების წესი და ტრადიციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰობიტებს როგორც მამრობითი, ასევე მდედრობითი სქესის რამდენიმე ფაქტორი აერთიანებს. სიმაღლე ორ და ოთხ ფუტს შორის მერყეობს. ფეხები საკმაოდ გრძელია, სახე - ყოველთვის გაღიმებული. თმები - ხუჭუჭა და ბნელი. ყურები - წაწვეტებული[6]. ფეხებზე ბევრი თმა აქვთ, ხოლო ტერფები არაჩვეულებრივად სქელია, რაც საშუალებას აძლევთ, ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე უხეშ ზედაპირზე გაიარონ.
ჰობიტები აღწერილები არიან, როგორც შაირის მშვიდობიანი მოსახლეები. მათ არც ომი უყვართ და არც ჩხუბი. ისინი არაჩვეულებრივად მორიდებულები არიან და ნებისმიერ ჰობიტს აფასებდნენ მხოლოდ მისი შაირში თუ მის შემოგარენში ცხოვრების წესის მიხედვით. ამის იქით სასაუბრო თემები მათ არ აქვთ - თუკი საქმე ეხება სხვა ჰობიტის განხილვას. დაპყრობა, კაცისკვლა და ძალაუფლებისკენ ლტოლვა ჰობიტებისთვის უცხოა.
ჰობიტები საერთოდ ერიდებოდნენ საკუთარ ცხოვრებაში ზედმეტ ელემენტებს და, თუკი ამას შეიძლება ზედმეტი ეწოდოს, ზედმეტობა გამოიხატებოდა მხოლოდ მათ ტანსაცმელში. ტანსაცმელი კი ძირითადად ნათელ ფერებში იყო. მოსწონდათ მწვანე ფერის ხავერდის ბრიჯები, წითელი ან ყვითელი ფერის ჟილეტები; ყავისფერი ან მწვანე ქურთუკები; ოქროს ან თითბერის ღილები; მუქი მწვანე ფერის კაპიუშონიანი მოსასხამი (რომლებსაც ძირითადად ჯუჯები ატარებდნენ)[7] ამასთან, იყო კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც სხვა საზოგადოებაში ზედმეტად მიიჩნევა – დღეში ექვსჯერ კვება, ან უფრო მეტიც – ვინ როგორ ისურვებს. ქეიფის მოყვარული ჰობიტები ღრეობაზე არასოდეს იტყოდნენ უარს[8].
ტოლკინი წერს, რომ სტუმართმოყვარე და გულღია ჰობიტებს ძალიან უყვარდათ წვეულებების გამართვა და საჩუქრების მიღება, თუმცა არც გაჩუქებაზე ძუნწობდნენ.[9] ძველ და უვარგის ნივთებს უწოდებდნენ „მათომებს“ (mathom). სწორედ მათ არიგებდნენ საკუთარ დაბადების დღეებზე ან ინახავდნენ საცავში, რომელსაც მათომ-სახლი ერქვა.
ჰობიტები არ ცხოვრობდნენ სახლებში, ისინი გორებში სოროებს თხრიდნენ, რომლებიც სიმყუდროვით გამოირჩეოდა. ასეთ სახლს „სმიალი“ ეწოდებოდა[10] .
შაირში არსებობდა თაინის, ერთგვარი მერის თანამდებობა. თაინები ყოველთვის ტუკების საგვარეულოდან იყვნენ. ფეოდალიზმს ჰობოტები არ სცნობენ, ისინი მერს ირჩევენ, რომელიც თორმეტ წესრიგის დამცველს განაგებს. მესაზღვრეებს ჰობიტები თვითონ ირჩევენ. აგრეთვე ცნობილია, რომ დუნედაინები იცავდნენ შაირს, მაგრამ ჰობიტებს მაინც არ სურდათ სხვა ერებთან კავშირში შესვლა.
ენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკუთარ თავს ჰობიტები ვესტრონულად „კუდუკს“ უწოდებენ[11]. ადამიანები მათ უწოდებენ ნახევარკაცებს, ელფები კი სინდარულად პერიანათებს (Perianath).
ჰობიტები საუბრობდნენ ვესტრონულად, თუმცა ჰქონდათ საკუთარი დიალექტი. ამ დიალექტიდან მომდინარეობს სიტყვა ჰობიტი.
კალენდარი და წელთაღრიცხვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰობიტები იყენებდნენ შაირის კალენდარს. მისი ყოველი წელი იწყებოდა შაბათს და მთავრდებოდა პარასკევს. თორმეტი თვიდან ყოველი გრძელდებოდა 30 დღეს. არსებობდა ისეთი დღეებიც, რომლებიც არ ეკუთვნოდა ამა თუ იმ თვეს - იულე 1 და 2 (ახალი წლის წინა დღე და თავად ახალი წლის დღე) და შუაწლის დღე. შუაწლის დღე ყოველი თვის ზაფხულის მზებუდობას ემთხვეოდა. შუაწლის დღის წინა ლითეს, პირველი ლითე, ხოლო მომდევნოს მეორე ლითე ეწოდებოდა. იულეს, წლის ბოლოს, პირველი იულე, ხოლო წლის დასაწყისში მეორე იულე ეწოდებოდა.
საჩიბუხე მცენარის კულტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საჩიბუხე მცენარე, რომელსაც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ტოლკინი, ჰობიტების კულტურის შემადგენელი ნაწილია. ჩიბუხი და საჩიბუხე მცენარე არის ჰობიტის საყვარელი საქმე თავისუფალ წამს. იგი ერთი შეხედვით თუთუნს უფრო ჰგავს, მაგრამ აღწერილია, როგორც განსაკუთრებული სურნელოვანი ბალახი. „ბეჭდების მბრძანებლის“ პროლოგში დეტალურად არის მოთხრობილი ჰობიტების მის მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულზე.
დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰობიტები იყოფიან სამ რასად . ესენია:
- ტერფბალნიანები (Harfoots) – მუქი ფერის კანით და თმებით. უყვართ გორაკები და ჯუჯები. ეს იყო ჰობიტების პირველი ნაკადი, რომელიც ერიადორში დასახლდა. ტოლკინმა ამ სახეობის დასახელება აწარმოა hairfoot-ისგან[12].
- თეთრონები (Fallohides) – 1150 წელს ერიადორში გადმოვიდა ეს ჯგუფი. მათი რიცხვი ყველაზე მცირეა. ისინი მაღალი აღნაგობის იყვნენ, ნათელი ფერის კანითა და თმებით, უყვარდათ ტყეები და ელფებთან მეგობრობდნენ. მიწათმოქმედების მაგივრად ისინი ნადირობდნენ, მაგრამ ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ლიდერობისკენ მიდრეკილება ჰქონდათ. სახეობის დასახელება მომდინარეობს ინგლისური fallow და hide-ისგან და ფერმკრთალს ქმნის[12]
- ჯანიანები (Stoors) – ერიადორში დასახლებული უკანასკნელი ჯგუფი. იგი ყველაზე მეტად ჰგავდა ადამიანებს და ჰობიტების სხვა ჯგუფებისგან განსხვავებით, მის წარმომადგენლებს წვერებიც კი ეზრდებოდა. თუკი წინა ორი ჯგუფი მიწათმოქმედებისა და ნადირობის მოყვარული იყო, ამ ჰობიტებს განასხვავებდა თევზაობის, ნავით ცურვისა და საერთოდ, წყალთან ურთიერთობის სურვილი. ნახსენებია, რომ ისინი ფეხსაცმელსაც ატარებდნენ - მხოლოდ ცუდ ამინდში. გოლუმი და სმეაგოლი, მაგალითად, ჯანიანები იყვნენ[13].
ცნობილი ჰობიტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარჩო და ბლანკო – გაუძღვნენ სხვა ტერფბალნიან ჰობიტებს სერის შემოგარენიდან - ანუ შემდგომში უკვე ჰობიტონის სახელით ცნობილი ადგილებისკენ.
- ბანდობრას (ხარბღავილა) ტუკი - ოთხი ფუტისა და ხუთი დუიმის აღნაგობის ჰობიტი, რომელიც ჰობიტებს მწვანე მინდვრის ბრძოლაში მეთაურობდა (ორკების წინააღმდეგ). ცნობილი იყო, რომ მან თავისი ხის უროთი ორკების მეთაურს, გოლფიმბულს თავი მოჰკვეთა. ტოლკინი წერს, რომ სწორედ ასე გამოიგონეს გოლფის თამაში.
- ჭაობელი ბუკა – როდესაც 1979 წელს არნორელი თავადის თანამდებობა აღარ არსებობდა, ერიადორში დაფუძნდა თაინის თანამდებობა და სწორედ მისი პირველი წარმომადგენელი იყო ეს ბუკა, რომელიც ჭაობებიდან იყო მოსული.
- ტობოლდ მებუკე – პირველმა გამოიყვანა ღრმაძირეთში მცენარის ახალი ჯიში - გალენასი, რომელიც მოგვიანებით თუთუნად იქცა. თუთუნის ერთ-ერთ ცნობილ ჯიშს მის პატივსაცემად ეწოდა „მოხუცი ტობი“.
- იზენგრიმ ტუკი – კიდევ ერთი გმირი, რომელიც იზენგრიმ II-ს სახელით იყო ცნობილი. ეს იყო შაირის 22-ე თაინი.
- ბილბო ბეგინსი – იპოვა ძალაუფლების ბეჭედი და დაესწრო ხუთი ლაშქრის ბრძოლას.
- ფროდო ბეგინსი – გადაეცა ძალაუფლების ბეჭედი და შაირიდან ბედისწერის მთამდე ატარა ეს ბეჭედი. მას, ისევე, როგორც ბილბოს, უწოდებდნენ „ბეჭდის-მცველს“.
- სემუაიზ გემჯი – ფროდოს მებაღე. სემი მორდორის შუაგულამდე გაჰყვა ბატონს, ფროდოს და ბევრი საფრთხიდან დააღწევინა თავი. მას, ისევე, როგორც ბილბოს და ფროდოს, უწოდებდნენ „ბეჭდის-მცველს“, ვინაიდან იგი ხანმოკლე დროით გამოიყენა.
- მერიადოკ ბრენდიბაკი – იგივე მერი. დედით ფროდოს ნათესავი. იგი ბაკლენდიდან მოყოლებული, ჰენეთ ანუნამდე ფროდოს გვერდით იყო. მონაწილეობა მიიღო იზენგარდის აღებაში, ენტებთან ერთად.
- პერეგრინ ტუკი – იგივე პიპინი. მერიადოკის ბიძაშვილი და ფროდოს ნათესავი. იგი ხშირ შემთხვევაში მერიადოკის გვერდით იყო, სანამ განდალფმა არ წაიყვანა მინას ტირითში, სადაც მან ფიცი დაუდო მოურავ დენეთორს. პერეგრინმა მონაწილეობა მიღო პელენორის მინდვრებზე ბრძოლაში, ეოვინთან ერთად. ამ ორმა ანგმარის გრძნეული მეფე გაანადგურა.
- სმეაგოლი – იგივე გოლუმი. მან ერთი ბეჭდის გამო საკუთარი მეგობარი მოკლა. 500 წლის განმავლობაში მალავდა ბეჭედს ნისლიან მთებში, სანამ ბილბომ არ „მოპარა“. მისი გარეგნობა სრულიად შეიცვალა ბეჭდის მითვისებასთან ერთად და იგი გადაიქცა საზარელ არსებად. მას, ისევე, როგორც ბილბოს, ფროდოს და სემს, უწოდებდნენ „ბეჭდის-მცველს“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჰობიტი — საიტზე Tolkien Gateway
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლიტერატურა
- კარპენტერი, ჰამფრი (1977). ჯ. რ. რ. ტოლკინი: ბიოგრაფია. George Allen & Unwin.
- კარპენტერი, ჰამფრი, რედ. (1981), ჯ. რ. რ. ტოლკინის წერილები, ბოსტონი: Houghton Mifflin, ISBN 0-395-31555-7
- კოჩერი, პოლ (1972). შუახმელეთის ოსტატი. ჯ. რ. რ. ტოლკინის მიღწევა. ლონდონი: Thames and Hudson. .
- ტოლკინი, ჯ.რ.რ. (1954), ბეჭდის საძმო, ბეჭდების მბრძანებელი, ბოსტონი: Houghton Mifflin (გამოქვეყნების თარიღი: 1987), ISBN 0-395-08254-4
- სხვა წყაროები
- ↑ ციმერი, კარლ (20 ივნისი 2016). „ჰობიტები არსებობენ?“. New York Times. ციტირების თარიღი: 21 ივნისი 2016.
- ↑ ჯ. რ. რ. ტოლკინი: ბეჭდების მბრძანებელი. პროლოგი. "აშკარაა, რომ მიუხედავად ბოლოდროინდელი გაუცხოებისა, ჰობიტები ყველაზე მეტად გვენათესავებიან. ისინი უფრო ახლოს არიან ჩვენთან, ვიდრე ელფები, ან თუნდაც ჯუჯები. [...] თუმცა ჩვენ შორის ზუსტი კავშირის გარკვევა უკვე შეუძლებელია."
- ↑ ტოლკინი, ჯ. რ. რ. ბეჭდების მბრძანებლის სახელების მეგზური, "პირველშობილნი"
- ↑ კარპენტერი, ჰამფრი: ჯ. რ. რ. ტოლკინის წერილები, #131
- ↑ ტოლკინი, ჯ. რ. რ.: ბეჭდის საძმო. შეხვედრები. „თუ ადამიანისა და ჰობიტის დაწერილს ვერ ასხვავებთ, მაშინ დიდი ვერაფერი შემფასებლები ყოფილხართ. ეს რა მესმის, შეადარო ადამიანი და ჰობიტი იგივეა, რაც შეადარო ატამი და ვაშლი“
- ↑ კარპენტერი, ჰამფრი: ჯ. რ. რ. ტოლკინის წერილები, #27
- ↑ კარპენტერი, ჰამფრი: ჯ. რ. რ. ტოლკინის წერილები, #27. ასე აღწერილია ბილბო ბეგინსი.
- ↑ ბეჭდის საძმო, პროლოგი. „ბევრს ხუმრობდნენ, ოღონდ კეთილად, ხშირად სვამდნენ და დღეში ექვსჯერ მიირთმევდნენ საჭმელს (თუკი ჰქონდათ ან რამე არ უშლიდათ ხელს ჭამაში).“
- ↑ გოლუმი ერთ ბეჭედს უწოდებს დაბადების დღის საჩუქარს.
- ↑ სმოლი, ი. ჯ.; ბიილი, ს., 2003. Hobbit holes as loess dwellings and the Shire as a loess region. New Zealand Soil News 51, 158-159
- ↑ Holbytlan: The ancient origin of the word ‘Hobbit’. არდის ენციკლოპედია (6 ივნისი 2010). ციტირების თარიღი: 21 ივლისი 2016.
- ↑ 12.0 12.1 ტოლკინი, ჯ. რ. რ.. (1967)ბეჭდების მბრძანებლის სახელების მეგზური. A Tolkien Compass. ციტირების თარიღი: 23 იანვარი 2012.
- ↑ ტოლკინი, ჯ.რ.რ. (1980), კრისტოფერ ტოლკინი, რედ., დაუსრულებელი თხზულებები, ბოსტონი: Houghton Mifflin, ნაწილი მესამე, IV. "ნადირობა ბეჭედზე", გვ. 353, შენიშვნა 9, ISBN 0-395-29917-9. კრისტოფერ ტოლკინის მიერ ციტირებულ წერილში ჯ. რ. რ. ტოლკინი დეაგოლს და სმეაგოლს ჯანიანებს უწოდებს.
|
|